10 Aug 2026
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს

„დიემჯი ჯგუფი“ „ლაგუნა ვერესა“ და ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ქარხნების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს და აღნიშნული ობიექტების საკუთრებაში გადასვლას ოფიციალურად აანონსებს.
ინიციატივის მთავარი მიზანი წლების განმავლობაში მიტოვებული სივრცის გაცოცხლება, მისი ისტორიული მნიშვნელობის შენარჩუნება და დედაქალაქის თანამედროვე ურბანულ იერსახეში ინტეგრირებაა. პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე მსოფლიოში ცნობილი ესპანური სტუდია Ricardo Bofill Taller de Arquitectura იმუშავებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
- „ლაგუნა ვერეს“ აღდგენა - აუზი პირვანდელი ფუნქციითა და მნიშვნელობით დაუბრუნდება ქალაქს;
- 1 ჰექტარი რეკრეაციული სივრცის აღდგენა - არსებული მწვანე საფარი განახლდება და ახალი ნარგავებით შეივსება;
- ისტორიული ფაბრიკების ტრანსფორმაცია - ყოფილი ინდუსტრიული სივრცეები თანამედროვე საცხოვრებელ გარემოდ გარდაიქმნება.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1 მილიარდ ლარს შეადგენს. მშენებლობისა და შემდგომი ექსპლუატაციის ეტაპებზე კომპანია 1 000-მდე ადგილობრივ სპეციალისტს დაასაქმებს.
„დიემჯი ჯგუფი“ აცნობიერებს საზოგადოების მაღალ ინტერესს აღნიშნული ლოკაციის მიმართ და მზად არის, პროექტის დეტალების დაზუსტებისთანავე, მისი განვითარების პროცესი საზოგადოებისთვის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს.